Sunday, February 15, 2009

საუკუნის ჯვრისწერა



ბევრი წყვილი შეეცადა ქორწინება საგანგებოდ 8 თებერვლისთვის დაემთხვია. ამას ორი მიზეზი განაპირობებდა: მრავალი წლის შემდეგ მათ შთამომავლობისთვის სათქმელი ექნებათ, რომ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს დაქორწინდნენ, სწორედ იმ დღეს, როდესაც წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჯვარი დაიწერეს ბაგრატოვანთა ორი შტოს მემკვიდრეებმა - ანა ბაგრატიონმა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ავადმყოფობის მიუხედავად, ჯვრისწერა არ გადაიდო. გავრცელებული ინფორმაციით, პატრიარქმა ასე ისურვა.

ბაგრატიონთა წყვილი უწმინდესის საქართველოში არყოფნის გამო შეეცადა, რიტუალი დაგეგმილზე ნაკლებპომპეზური ყოფილიყო, მაგრამ მაინც ლამაზი სანახაობა გამოვიდა, რომელსაც უამრავი მნახველი ჰყავდა როგორც მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, ასევე თბილისში. დარეჯანის სასახლიდან წმინდა სამების საკათედრო ტაძრამდე შეკრებილი ხალხი შეძახილებით ულოცავდა გაბედნიერებას ნეფე-დედოფალს.

განსაკუთრებით კახელები აქტიურობდნენ, ამბობდნენ, ჩვენი დედოფლის (ანა ბაგრატიონი ერეკლე II-ის, კახთა მეფის შთამომავალია) ბედნიერება ჩვენი ბედნიერებაც არის, ბაგრატიონების ლხინს ჩვენი ოჯახებიც იზიარებენო. საპატარძლო ტაძრამდე მამასთან, ნუგზარ ბაგრატიონთან ერთად სწორედ კახელების 50-კაციანმა ცხენოსანთა რაზმმა მიაცილა. დარეჯანის სასახლიდან წმინდა სამების საკათედრო ტაძრამდე მიმავალი ამალა ლამაზი სანახავი იყო. თითქოს მართლა წარსული გაცოცხლდა.

8 თებერვალს დილით, ჯვრისწერამდე, მოვლენები ასე განვითარდა: სასიძო და საპატარძლო სტუმრების თანხლებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც წირვის დასრულების შემდეგ ეზიარნენ და პატივი მიაგეს წინაპართა, საპატარძლოს პაპის, პეტრე ბაგრატიონისა და სასიძოს მამის, ხორხე-გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელის საფლავებს.


მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ზიარების მიღებამდე ანა და დავითი დიდი წინაპრის, ერეკლე II-ის საფლავის წინ იდგნენ და გარინდებული ელოდებოდნენ ზიარებას. მრევლი გულითადად ულოცავდა ნეფე-დედოფალს გაბედნიერებას.


მცხეთაში ბაგრატიონები მცირე ამალით იყვნენ, სულ ორიოდე მანქანა იტევდა მაყრიონს. მათ წირვის დასრულებისთანავე დატოვეს ტაძარი და თბილისში, დარეჯანის სასახლისკენ გამოემართნენ.

მცხეთიდან საქორწინო მაყრიონი თბილისს გამოეშურა. საპატარძლო დარეჯანის სასახლეში მიაბრძანეს ჯვრისწერისთვის მოსამზადებლად. ანა ბაგრატიონი სასახლიდან ხუთის ნახევარზე გამობრძანდა, სადაც მას მამა და მხედრები ელოდებოდნენ. ულამაზესი თეთრი კაბით შემოსილ დედოფალს მეჯვარე ლიზა ბაგრატიონის გარდა, მხარს უმშვენებდნენ და - მაია ბაგრატიონი, პატარა ქალიშვილები - ირინა და მარიამი და დედა - ლეილა ყიფიანი. ქალიშვილებს დედის გრძელი კაბის შლეიფი მიჰქონდათ. როგორც ცნობილია, კაბის დიზაინი საპატარძლომ თვითონვე შეარჩია და ატელიე «თენეიში» შეაკერინა ქართველ მკერავს. სასიძო დავით ბაგრატიონ-მუხრანელი თეთრ ჩოხაში იყო გამოწყობილი. მას მეჯვარეობას უახლოესი მეგობარი - მიხეილ ახვლედიანი უწევდა.

ჯვრისწერის ცერემონიალი 5 საათზე დაიწყო და ის ეპისკოპოსებმა, მეუფე გერასიმემ და მეუფე თეოდორემ წმინდა სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარ არქიმანდრიტ ილია ნასიძესთან ერთად აღასრულეს. ჯვრისწერას უცხოეთიდან საგანგებოდ მოწვეული სხვადასხვა სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, დაახლოებით 100-მდე სტუმარი და ნეფე-დედოფლის ნათესავები ესწრებოდნენ. მამა ილია ნასიძის თქმით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ქორწინება საგანგებო წერილით მიულოცა ესპანეთის მეფემ, რომელიც სიძეს ნათესავად ერგება.

სამების საკათედრო ტაძარში და მის გარშემო საგანგებოდ მოწვეულ სტუმართა და მოქალაქეთა სიმრავლე იყო. კარიბჭიდან ტაძრისკენ დაგებულ წითელ ხალიჩაზე სიამოვნებით იღებდნენ სამახსოვრო ფოტოებს ჰოლანდიის, ესპანეთის, იტალიის, იაპონიის, თურქეთისა და სხვა სამეფო ოჯახების წარმომადგენლები.

ვიდრე ნეფე-დედოფალი გამოჩნდებოდა, ქართველ სტუმრებს გავესაუბრეთ და შევეცადეთ, მათგან შეგვეტყო, რა დატვირთვას აძლევენ ბაგრატოვანთა ჯვრისწერას. ქართველ სტუმართა სპექტრიც მრავალფეროვანი იყო, თუმცა მათ შორის, დაპატიჟების მიუხედავად, არ ყოფილან ხელისუფლების წარმომადგენლები. პარლამენტარ გია თორთლაძის ვარაუდით, ხელისუფლების წარმომადგენლებს ხელი ევროპაში დაგეგმილ მნიშვნელოვან მოვლენებში მონაწილეობამ შეუშალა. მაგრამ მთავრობის ყველა წევრი არ ყოფილა წასული უცხოეთში. ამან სამღვდელო პირები გააოცა. ითქვა, რომ ეს ქორწინება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თითქმის ოცი წლის ოცნება იყო და თუნდაც ამისთვის უნდა ეცათ პატივი.

მერაბ საყვარელიძე, ჩოხოსანი: - ეს ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, დღეს აღდგა გვარიშვილობის, ერის ძლიერებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი. დღევანდელი დღე ნიშანია იმისა, რომ ერი თანახმაა, აღორძინდეს ყოველივე ის, რაც წაართვეს 200 წლის წინ. წართმეულ ღირსებათა შორის იყო ბაგრატოვანთა გვარიც. 200 წლის განმავლობაში დინასტიის წარმომადგენლები ხშირად მხოლოდ გვარიშვილობის გამო იდევნებოდნენ.

მოდელი თაკო ჩხეიძე: - დღეს ისტორიული დღეა. ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ბედნიერება, რადგან საქართველო ეკუთვნოდათ ბაგრატიონებს და ბაგრატიონები ეკუთვნიან სრულიად საქართველოს. ტყუილად არის ატეხილი აჟიოტაჟი მონარქიის აღდგენაზე. მონარქია დღეს არ აღდგება, ეს შორეული პერსპექტივაა. ამიტომაც კარგი იქნება, ყველამ დაივიწყოს პოლიტიკა და ამ ლამაზ წყვილს მიულოცოს ბედნიერების დღე. ჩემთვის ყველაზე მთავარია კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სიტყვა და სურვილი. მან თქვა, რომ ეს ჯვრისწერა უნდა აღსრულებულიყო, ე.ი. ასეც უნდა მომხდარიყო.
თავადაზნაურთა საკრებულოს გამგეობის წევრი ზურაბ ერისთავი: - რა დრო დასჭირდება მონარქიის აღდგენას? ყველაფერი საზოგადოებაზეა დამოკიდებული. გააჩნია, რამდენ ხანში გაითავისებს ქართველობა იმას, თუ რა მნიშვნელობა აქვს სამეფო ტახტის აღდგენას საქართველოსთვის.

ვახტანგ რჩეულიშვილი: - ომის შემდეგ ყველა გულნატკენი ვართ და ნებისმიერი ქართული ტრადიციის აღდგენა კიდევ უფრო სასიამოვნოა ჩვენთვის. რაც შეეხება მეფის ინსტიტუტს, მიმაჩნია, რომ იგი ერთ-ერთი ალტერნატიული გზაა საქართველოს სახელმწიფოებრივი ძლიერებისთვის. ერს სჭირდება არაპოლიტიკური, მაგრამ გამამთლიანებელი ფიგურა, უწმინდესი ამის საუკეთესო მაგალითია. ზოგჯერ პატრიარქი იქნება ერის გამამთლიანებელი, ზოგჯერაც - მეფე.

ეკა ლომიძე

http://kvirispalitra.ge/

No comments:

Post a Comment